,,ირაკლი შამათავა აფხაზეთიდანაა. დევნილობა მისი სტატუსია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფორმა და ძალა აქვს. დევნილობა მისი შინაგანი მდგომარეობაცაა, გარესამყაროს მიმართ ემპირიული პოზიცია, რაც მის შემოქმედებით ენერგიად იქცა. კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ამ დრამატული მდგომარეობის მხატვრული ანაბეჭდებია. ახალგაზრდა მწერალი „ბავშვობადაკარგული თაობის“ სახელით იხსენებს უახლესი წარსულის ყველა იმ ნიუანსს, რამაც არა მხოლოდ ამ თაობის, არამედ მთელი ქვეყნის სულიერ-სოციალური კრიზისი განაპირობა. მუდმივი ომის რეჟიმში მყოფი ადამიანის თავგადასავალი, ფატალურ სიღრმეებთან ერთად ისეთ სინათლესაც გულისხმობს, რომელსაც სწორედ მწერლები ამჩნევენ და უყვებიან მკითხველს, როგორც ადამიანური შესაძლებლობების, გამძლეობის, სიყვარულის გადამდებ მაგალითებს. ძალადობრივი სამყარო გლობალური ფონია, რომელზეც ირაკლი შამათავას მოთხრობების პერსონაჟები იძერწება. ამ ექსტრემალურ მოზაიკაში მტრისა და მოყვრის ცნებები ახალ განზომილებაში გადადის. აფხაზი და ქართველი იმ საერთო შინაარსის სათავესთან იკვეთება, სადაც ისტორია ყველაზე ზუსტი და შეუვალია. სწორედ ამ ერთიანობაზე მეტყველებს ის, რომ კრებული ორენოვანია – ქართული და აფხაზური. ეს მწერლის მკაფიო პოზიციაა. მისი შეტყობინებაა – ომს სიყვარული ამარცხებს. ეს კი ასე ჟღერს – ქართულადაც და აფხაზურადაც" – ნინო სადღობელაშვილი.