,,რა შეიძლება ვიცოდეთ ზოგადად ფერეიდნისა და ფერეიდნელების შესახებ? ალბათ, მშრალი, ფაქტობრივი ინფორმაცია – XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას პირველმა ათასობით ქართველი ფერეიდნის პროვინციაში ჩაასახლა. მათ, ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში, მშობლიური ენა შეინარჩუნეს და მათი დიდი ნაწილი დღესაც მეტყველებს ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტზე. რა ეცოდინება მკითხველს დიანა ანფიმიადის წიგნის წაკითხვის შემდეგ? – ის, რაც ფაქტობრივი მონაცემების მიღმაა: კონკრეტული ადამიანების, მათი ტკივილისა და სიხარულის, ოცნებების ამბები. მათი ბრძოლა იდენტობის შენარჩუნებისთვის, რომლის მთავარ და დაუმარცხებელ იარაღადაც ენა ქცეულა. მათი „გულის ცრემლი“ – შორეული, ცისარტყელას მიღმა არსებული სამშობლოც სწორედ ამ ენაში დააბინავეს და ისე შემოინახეს. წიგნის ავტორი კი, რომლის წინაპრებმაც – პონტოელმა ბერძნებმა – ასევე გამოცადეს იძულებითი მიგრაცია, პირადი გამოცდილებისა და მოგონებების წიგნში ჩართვით კიდევ უფრო საინტერესოსა და ემოციურს ხდის მას. „საკვანძო სიტყვა – ფერეიდანი“ მხოლოდ წიგნი არ არის, ეს გზაა, რომლითაც ფერეიდნელები ჩვენთან ბრუნდებიან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რა არის მთავარი, რას უნდა გავუფრთხილდეთ და რა არ უნდა დაგვავიწყდეს".