,,ქართლის ულამაზესი შუაგულის და უძველესი ისტორიული ქალაქის - გორის შესახებ, საისტორიო წყაროებში, არაერთი ცნობაა დაცული. XIX საუკუნეში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობით გამორჩეული სამაზრო ქალაქის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა. სხვადასხვა დროს გორის შესახებ არაერთი უცხოელი მოგზაურის თხზულებაში გაჩნდა ჩანაწერი. ბუნებრივია, ეს ცნობები არაერთ საყურადღებო დეტალს ხდის ფარდას იმ პერიოდის ქალაქის ყოფის, კულტურის, მოსახლეობის და სხვათა და სხვათა შესახებ. სადღეისოდ, მკითხველის სამსჯავროზე გამოტანილია XIX საუკუნის რუსულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობები გორზე. არცთუ მცირე ნაწილი მოტანილი ტექსტებისა პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის წარმოდგენილი ნაშრომის ღირებულებას და მისდამი ინტერესს. ვფიქრობთ, იგი საინტერესო იქნება როგორც მკვლევართათვის, ისე მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის".