წიგნის დანიშნულებაა, მკითხველს შეუქმნას საკმარისად სრული წარმოდგენა იმ უმთავრესი მიმდინარეობებისა და თეორიული სისტემების შესახებ, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ფსიქოლოგიის ლანდშაფტს. იგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, გაიღრმაოს ცოდნა ფსიქოლოგიის ძირეულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მეთოდოლოგიურ საკითხებზე კეთდება. თეორიული სისტემების შინაარსთან ერთად მოცემულია მათი კრიტიკული ანალიზი, რომელიც ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის პოზიციიდან ხორციელდება; განხილულია საკუთრივ უზნაძის სკოლის მონაპოვარიც. წიგნის ძირითადი მიზანია იმის ჩვენება, თუ რა უმთავრესი თეორიულ-მეთოდოლოგიური პრობლემები დგას თანამედროვე ფსიქოლოგიური მეცნიერების წინაშე და როგორია მათი გადაჭრის პერსპექტივები, როგორც ფსიქოლოგიის საკუთარი რესურსებით, ასევე სხვა მეცნიერებებთან თანამშრომლობით.