,,თავად ესეს სათაურმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. თუ მავანი მოელის, რომ აქ შოპენჰაუერის ფილოსოფიის საკვანძო ასპექტების დეტალურ ანალიზს გაეცნობა, მას იმედგაცრუება ელის. ნიცშესთვის, ამ შემთხვევაში, შოპენჰაუერი კაცურობის მაგალითია, ის შთაგონებაა, რომელმაც, როგორც აღმზრდელმა და ნიმუშმა, ბიძგი მისცა მის, როგორც ფილოსოფოსის, ჩამოყალიბებას. აკი, ნიცშე თავადაც ამბობს, რომ მისი ფილოსოფიური განვითარებით დაინტერესებულთათვის, წინამდებარე ესე მეტად სასარგებლო ტექსტია. ესეს ამგვარი შინაარსისა და გაწყობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მისი შექმნისას, ნიცშეს უკვე გადააზრებული აქვს შოპენჰაუერის ფილოსოფია და, როგორც თავად ამბობს, მთელ რიგ საკითხებში არც ეთანხმება მას: მაგალითად, შოპენჰაუერის პესიმიზმში და სამყაროს დაყოფაში რეალობად და რეპრეზენტაციებად, რასაც პლატონისა და კანტის ფილოსოფიაში გაუდგამს ფესვი. თუმც შოპენჰაუერი ნიცშესთვის მაინც სანიმუშო აღმზრდელად რჩება; ჩვენთვის კი წინამდებარე ტექსტი – ნაწარმოებად, რომელიც სასურველია გავაცნოთ ახალბედა ფილოსოფოსებს, ნაცვლად იმ, ხშირ შემთხვევაში მოსაწყენი და „რთულად გასაგები“ ლიტერატურისა, რომელიც ამ ახალბედებს არათუ ვერ გაუღვივებს სიბრძნის სიყვარულს, არამედ გულს აუცრუებს ფილოსოფიაზე, ან სულაც შეაძულებს მას" – ოთარ ჭულუხაძე.