,,ავტორის წიგნი „მოსე და მონოთეიზმი“, რომლის სრული სახელწოდებაა „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“ (Der Mann Moses und die monotheistische Religion, 1939) ფროიდის უკანასკნელი ნაშრომია, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა. ეს წიგნი არის მისი ანტირელიგიური ფილოსოფიის გაგრძელება (საკმარისია, მისი კიდევ ერთი ნაშრომი გავიხსენოთ, „ილუზიის მომავალი“, სადაც „ილუზიის“ ქვეშ სწორედ რელიგია იგულისხმება) და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ფსიქოანალიტიკური გამოცდილების გამოყენება ცალკე აღებული ერის ანალიზისთვის. ფროიდი ვარაუდობს, რომ ეგვიპტელი მოსეს მზის ღმერთი შერწყმულ იქნა მიდიელთა იაჰვეს, ხოლო მოსეს საქმეები მიდიელთა მღვდელმთავარს მიაწერეს, რომელსაც ასევე მოსე ერქვა. ამგვარად, მოსე კომპოზიტური, შედგენილი ფიგურაა. ეს წიგნი, როგორც ავტორი ამბობს, არის „მინიშნება შესაძლებლობაზე იმისა, რომ მოსეს რელიგიამ ებრაელ ერზე ზემოქმედება მოახდინა, როგორც მხოლოდ თქმულებამ“ და ამ თქმულების საფუძველზე შეიძინა ამ ერმა თავისი სპეციფიკური თვისებები, თუმცა პასუხის გარეშე რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ „არ სურთ ჭეშმარიტების სახით იმის მიღება, რომ ღმერთი მოკლეს“ და როგორ შეინარჩუნეს ებრაელებმა თავისი ინდივიდუალობა დღევანდელ დღემდე. წიგნი მრავალი მკითხველისათვის შოკისმომგვრელი იყო, ზოგი თეოლოგის შეფასების მიხედვით, „სრულიად აბსურდულიც“ კი, თუმცა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგიის კვალის მიგნება და ჰიპოთეტური „აღდგენა“, შემდეგ კი მისი ევოლუცია იუდაიზმად, მოგვიანებით კი ქრისტიანობად, ყურადღებას, განსჯასა და საბოლოოდ, მოქმედებას მოითხოვს. წიგნში მრავალი ისეთი იდეა და დასკვნაა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ღრმა განხილვას".