ნაშრომში განხილულია უძრავი ქონების მართვის ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები. სახელმძღვანელოში გადმოცემულია უძრავი ქონების არსი, მისი ძირითადი მახასიათებლები, ჩამოყალიბების თავისებურებები და პერსპექტივები; გაანალიზებულია უძრავი ქონების მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის განვითარებისათვის. უძრავი ქონება არის მრავალი სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინის შესწავლის ობიექტი. ესენია: გეოგრაფია, არქიტექტურა, სამართალი, მიწათმოწყობა, აგრონომია, ეკონომიკა, მშენებლობა, სამთო-გეოლოგია და სხვ. ფაქტობრივად, უძრავი ქონების ეკონომიკა ინტერდისციპლინური მეცნიერებაა. უძრავი ქონების ეკონომიკის შესწავლის წინაპირობას წარმოადგენს: ინფორმატიკა, სამოქალაქო სამართალი, ბუნებათსარგებლობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარი და საბირჟო საქმე, ლიზინგი, ეკონომიკური ანალიზი, აუდიტი, ფსიქოლოგია, ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, დაზღვევა, ინვესტიციები და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული სხვა მეცნიერული დისციპლინები.