ნაშრომში წარმოდგენილია ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ არქივში, გურიის რეგიონში – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებსა და ე. ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ხელნაწერ ფონდებში დაცული და გამომცემლის მიერ საველე-ეთნოგრაფიული მუშაობის დროს მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს XIX საუკუნეს და XX საუკუნის პირველ ნახევარს. ეს საბუთები ხელს უწყობს გურიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ შესწავლას და საშუალებას იძლევა საქართველოს სხვა კუთხეების მონაცემების შედარების საფუძველზე წარმოჩნდეს გურიის მოსახლეობის ყოფისა და კულტურის ლოკალური თავისებურებანი და ის საერთო ნიშნები, რაც ქართული ყოფისთვის არის დამახასიათებელი.