,,თამაზ ბუაჩიძის მდიდარ ფილოსოფიურ მემკვიდრეობას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მისი მონოგრაფია „თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის სათავეებთან“. შოპენჰაუერის, ნიცშეს, კირკეგორის შემოქმედებაზე საუბარს აქ ორგანულად ერწყმის „სიცოცხლის ფილოსოფიის“ პრობლემების, კერძოდ კი, ვ. დილთაის და ო. შპენგლერის ნააზრევის განხილვა-გაანალიზება. ეპოქის კიდევ უფრო სრულ სურათს ქმნის XX საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსების – კ. იასპერსის, მ. შელერის, ა. გელენის, რ. ოიკენის ფილოსოფიური ნამოღვაწარის საფუძვლიანი ანალიზი. წიგნში განხილულმა ფილოსოფოსებმა რადიკალურად შეცვალეს გასული საუკუნის კულტურული ატმოსფერო და სათავე დაუდეს ახალ მიმდინარეობებს, ახალ ხედვას არა მხოლოდ ფილოსოფიაში, არამედ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. მათი განსაკუთრებული ზეგავლენა დღესაც გრძელდება. დღევანდელობა წარმოუდგენელია ამ ფილოსოფოსთა ნააზრევის გათვალისწინების გარეშე. ამიტომაც თამაზ ბუაჩიძის წიგნი, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი ადრე ცალკე გამოცემული ნარკვევები და რომელიც გამორჩეულია აზრის ორიგინალობით და სიღრმით, ლაკონიურობით და უაღრესად დახვეწილი სტილით, სასურველი საჩუქარი იქნება მკითხველთა ფართო წრისათვის".