,,დიდი ხანია რუსთველოლოგიაში სადისკუსიოდ იქცა პრობლემა – „ვეფხისტყაოსნის" გეოგრაფიული გარემო: „არაბეთ-ინდოეთი" – რეალობაა თუ შუა საუკუნეების საქართველოს „ნიღაბი“. მონოგრაფია – „ვეფხისტყაოსანი“ ბიოგეოგრაფის თვალით" – პირველი ცდაა ამ პრობლემის ბიოგეოგრაფიული კვლევის გზით გადაჭრისა, ამისათვის გათვალისწინებულია XII საუკუნეში თამარ მეფის დროინდელი საქართველოს ტერიტორიული საზღვრები; ცხოველთა ინდიკატორული სახეობების მიხედვით გაანალიზებულია მაშინდელი ქვეყნის საზღვრებში მოქცეული შესაძლო ლანდშაფტური ერთეულები; დადგინდა პოემაში დასახელებულ ნადირ ფრინველთა აბსოლუტური უმრავლესობის არსებობა (ლომი, ჯიქი, ავაზა, კანჯარი, გავაზი და სხვ.) შუა საუკუნეების საქართველოსა და მის მოსაზღვრე რეგიონებში (თურქეთი, ირანი). აღნიშნული ფაქტი, „ვეფხისტყაოსანში" წელიწადის ოთხი დროის მიმანიშნებელი ტაეპები, უეჭველს ხდის, რომ პოემა XII საუკუნის საქართველოს სინამდვილეზეა დაწერილი. ამ შეხედულებას განამტკიცებს მონოგრაფიაში გაკეთებული „ნიღაბი" ქვეყნები – არაბეთი, ინდოეთი, ასევე ხვარაზმი, ხატაეთი - გეოგრაფიული გარემოსა და მათი ფლორა-ფაუნის მოკლე დახასიათება. ავტორი მისეული ხედვითა და სხვა სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, ერთხელ კიდევ ასკვნის – რუსთაველი პოემის სათაურის შეთხზვისას გულისხმობდა ჯიქს (ხალებიანს) და არა ვეფხვს (ზოლებიანს).