წიგნი ეძღვნება მოდერნული ევროპული აზროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს, ფრიდრიხ ნიცშესა და ქრისტიანობისადმი მის დამოკიდებულებას. ნაშრომი, პირველ რიგში, განიხილავს ფილოსოფოსის ბიოგრაფიას მის პიროვნებაში ანტიქრისტიანული მორალის წარმოქმნის პოტენციური მოტივების დადგენის მიზნით. ნაჩვენებია ნიცშეს გამორჩეულად მაღალი მგრძნობელობა გარე სამყაროსადმი და მისი პიროვნების ტრაგიკულობა, რაც დიდწილად განპირობებული იყო როგორც მისი ხორციელი სნეულებებით, ისე კარიერული და პირადი ცხოვრების უიღბლობითა და წარუმატებლობებით. წიგნის ძირითად ნაწილში ქრისტიანობის წინააღმდეგ გამოთქმული ნიცშეს კრიტიკული იდეები უბრალოდ გადმოცემული და აღწერილი კი არ არის, არამედ ისინი განხილული და შეფასებულია ქრისტიანული პერსპექტივიდან. გაანალიზებულია, თუ რამდენად სწორად ესმოდა ნიცშეს ქრისტიანული თეოლოგიისა და ისტორიის ესა თუ ის იდეა, ცნება, საკითხი, კონცეპტი, ფაქტი და, საჭიროების შემთხვევაში, გამოვლენილია მისი მიდგომის ტენდენციურობა და პროვოკაციული ხასიათი. ასევე გამოკვეთილია ნიცშეს შეხედულებებისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობრიობა, არათანმიმდევრულობა და გარკვეული ზედაპირულობა. წიგნში წარმოდგენილია ნიცშეს ფილოსოფიის ე.წ. „დადებითი იდეებიც“ (აფირმაცია, ბედისწერის სიყვარული, მარადიული დაბრუნების იდეა და სხვ.) და საუბარია შემდგომ ეპოქაზე მისი შემოქმედების გავლენის შესახებაც. წიგნის ბოლოს შეჯამებულია კვლევის შედეგები.