ავტორის შესახებ
ბანოვანი (დესპინე გელოვანის ფსევდონიმი) ( დ. 6 დეკემბერი, 1880, სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი – გ. 6 დეკემბერი, 1934, თბილისი ) – ქართველი მწერალი, პუბლიცისტი. მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“, „ისარი“, „თემი“, „ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.