ავტორის შესახებ
ანდრეას გრიფიუსი ( დ. 11 ოქტომბერი, 1616 – გ. 16 ივლისი, 1664 ) – გერმანელი პოეტი და დრამატურგი. ბაროკოს წარმომადგენელი. 30-წლიანი ომის შედეგად გამოწვეული გულგატეხილობა და პესიმიზმია გადმოცემული მის სონეტებში, სატირებში, ოდებში, ეპიგრამებსა და ლათინურ ენაზე დაწერილ სასულიერო საგალობლებში. გრიფიუსის ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია სონეტი „სამშობლოს ცრემლები“ (1636), კომედიები „Absurda comica ანუ ბატონი პეტერ სკვენცი“ (1657), „გამიჯნურებული ვარდი“ (1660), „ჰორიბილიკრიბრიფაქსი“ (1663), ისტორიული ტრაგედიები „ლეო არმენიუსი ანუ თავადის მკვლელობა“ (1646), „კარდენიო და ცელინდე“ (დაახლოებით 1643, გამოქვეყნდა 1657), „მოკლული უდიდებულესობა ანუ კაროლუს სტუარდუსი“ (1649), საქართველოს თემაზე დაწერილი ხუთმოქმედებიანი გალექსილი ტრაგედია „ქართველი ქალი ეკატერინე, ანუ ნაცადი სიმტკიცე“ (1646-1648, გამოქვეყნდა (1657), სადაც აღწერილია ირანის წინააღმდეგ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ერთი ეპიზოდი.