,,საქართველოსა და ქეთევანის ტრაგედიის დამუშავებით გრიფიუსი ეხება პოლიტიკურ-პატრიოტულ თემას, რომლის აქტუალობას კარნახობდა თავისი ქვეყნის სინამდვილე. საქართველოსა და ქართველთა უბედურების მიზეზად პიესაში დახატულია შაჰ-აბასი, პატივმოყვარე და ორპირი; დაუნდობელი და მოღალატე; გონებაშეზღუდული და ეჭვიანი, შინაგანი დაბნეულობით აღსავსე პიროვნება; აყოლილი ეროტიულსა და ქვენა გრძნობებს. შაჰი არაფრად მიიჩნევს სხვათა მორალურ პრინციპებს, ეროვნულ თავმოყვარეობას და სარწმუნოებრივ იდეალს, დესპოტიზმის მთელი სამყაროს განსახიერება, შაჰ-აბასი, ხალხთა შორის გაუტანლობას, შუღლსა და ურთიერთგაწირვას, ღალატსა და მლიქვნელობას ნერგავს. ამასთანავე, მასში სადღაც ბჟუტავს ჩაფერფლილი ადამიანობა, რომელიც ერთგვარად თითქოს ღვივდება კიდეც" – შოთა რევიშვილი.