ავტორის შესახებ
შოთა ჩანტლაძე ( დ. 13 ივნისი, 1928, ზემო აკეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – გ. 29 ნოემბერი, 1968, თბილისი ) – ქართველი პოეტი. დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში, დედის სოფელში. ადრეული ბავშვობა გაატარა სოფელ ზემო ბჟოლიეთში. 1934 წელს ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. 1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. 1954 წელს პოეტი სოფელ პატარა ირაგაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლილოს ბიბლიოთეკაში, რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის. გარდაიცვალა 1968 წლის 29 ნოემბერს, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში, ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო. შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. თარგმნა ფინური ეპოსი "კალევალა", ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის თხზულებები. მისი დღიურები და პირადი წერილები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ. შოთა ჩანტლაძის ლექსების კრებული მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა: მათ შორის - "თენდება, ღამდება" (1984 წელი) და "შოთა ჩანტლაძე" (1998).