,,ირლანდიური საგების მომხიბვლელ სამყაროში ქართველი მკითხველი შეჰყავს შოთა ჩანტლაძის მაღალი პროფესიონალიზმითა და მხატვრული ოსტატობით შესრულებულ თარგმანს. ის სტილისმიერი კამერტონი, რომელიც შეარჩია მთარგმნელმა, ხელს უწყობს ამ უჩვეულო ნაწარმოებთა გაცოცხლებას ქართულ ენაში. რთული ფერწერული და ბგერწერითი ოსტატობა, რომელიც გამოავლინა მთარგმნელმა, ინტონაციათა ეს ნაირგვარობა, ქართული ენის ულევ შესაძლებლობათა დიად აღლუმად წარმოსდგება ჩვენს წინაშე. შოთა ჩანტლაძე თავისუფალი, იმპროვიზაციული მანერით ჰქმნის ხელახლა ირლანდიურ საგებს, იგი ცხოვრობს გმირთა ცხოვრებით, მისი უშუალო განცდიდან იშვის ირლანდიის პანორამები, ფერწერულ-ჟანრული სურათები, ბატალური სცენები, მისტიური ზმანებები. მას, როგორც ჭეშმარიტად პოეტს, სიტყვის პლასტიური და მუსიკალური მხარე უფრო აინტერესებს, ვიდრე სემანტიური მნიშვნელობა, ამიტომ ალაგ-ალავ სცვლის კიდევაც ამ მნიშვნელობის ნიუანსებს" – ზვიად გამსახურდია.