ავტორის შესახებ
ალექსანდრე მენი ( დ. 22 იანვარი, 1935 – გ. 9 სექტემბერი, 1990 ) – საბჭოთა რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, დისიდენტი, თეოლოგი, ბიბლიის მკვლევარი და მწერალი თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, ქრისტიანული დოქტრინის საფუძვლებისა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შესახებ.
დაიბადა მოსკოვში, ებრაელი ინტელიგენტის ოჯახში. მის სულიერ ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა დედამ, რომელიც 1935 წელს მოინათლა ქრისტიანად 7 თვის ვაჟიშვილთან ერთად. რელიგიურ შთაგონებას შერწყმული მრავალმხრივი ნიჭიერება (მხატვრული, მუსიკალური) ა. მენს ადრევე გამოაჩნდა. სწავლობდა ბიოლოგიას, მაგრამ მოსკოვის ერთ-ერთი ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან გარიცხეს 1958 წელს, როდესაც გაუგეს, რომ ეპარქიულ სამმართველოში ცეცხლფარეშად მუშაობდა. იმავე წელს ეკურთხა დიაკვნად. დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო სემინარია, 1968-ში – მოსკოვის სასულიერო აკადემია. მოსკოვისპირა სოფლის ეკლესიაში მოძღვრის სამსახურს ნაყოფიერად უთავსებდა განმანათლებლურ მოღვაწეობას – ქადაგებდა ქრისტეს სახარებას, ებრძოდა ათეიზმის ზღაპრებსა და სიცრუეს, იყო „კულტურული აღორძინების“ საზოგადოების პრეზიდენტი; მისი საჯარო გამოსვლები მოიცავდა ბიბლიის, ქრისტიანობის, რელიგიის ფილოსოფიის, ხელოვნების პრობლემებს. მოკლეს 1990 წელს, როდესაც შინიდან ეკლესიაში მიეშურებოდა.