ავტორის შესახებ
ფარსადან გორგიჯანიძე ( გიორგიჯანიძე; დ. 1626 – გ. 1696 ახლო ხანა ) – ქართველი ისტორიკოსი. აღიზარდა ქართლის მეფე როსტომის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ გაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. 1656 წელს როსტომმა, რომელიც შაჰის მიერ ისპაჰანის ტარუღად (მოურავად) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნა ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს, შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი აბას II-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში. გორგიჯანიძემ დაწერა „საქართველოს ისტორია“, რომელიც მას 1696 წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე.