ავტორის შესახებ
მაია როგავა – პროფესორი, ბიზნეს ინგლისურისა და აკადემიური ინგლისურის სწავლების მიმართულებით.
1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ფილოლოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) და 1983 წელს მოსკოვის მორის ტორეზის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უცხო ენათა ინსტიტუტში (ამჟამად მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტი) დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ჰუმანიტარული პროფილის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების ლინგვისტური და სტილისტური ანალიზი. 1997, 1999 წლებში მიიღო ინგლისურის, როგორც უცხო ენისა და ბიზნესინგლისურის მასწავლებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია. 1997 წლიდან თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. 2012 წლიდან – მათი კონსულტანტია ინგლისური ენის სწავლების პროექტებში და ტრენერია პროფესიული ენების სწავლების მეთოდიკის საკითხებში. 2010 წლიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისურ ენაში საერთაშორისო გამოცდების საუბრის ნაწილში გამომცდელია. ამავდროულად, ინგლისური ენის მასწავლებელთა საქართველოს და საერთაშორისო ასოციაციების წევრია (კონფერენციების მონაწილე, მომხსენებელი, სამეცნიერო კომიტეტის წევრი, მოდერატორი და სადისკუსიო სესიების მონაწილე, რეცენზენტი). აგრეთვე გამოცდების ეროვნულ ცენტრის გამომცდელია. 2016 წლიდან არის საერთაშორისო აკადემიური რეფერირებადი ჟურნალის Online Journal of Humanities სარედაქციო საბჭოს წევრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2010 წლიდან. ჯერ ბიზნესინგლისურის პროგრამების კოორდინატორად და მასწავლებლად, შემდეგ – ბიზნესის ფაკულტეტის (ამჟამად ბიზნესის სკოლის) ასოცირებულ პროფესორად. 2014 წლიდან არის უნივერსიტეტში ახლად შექმნილი აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი და მთარგმნელობითი სარედაქციო კომისიის წევრი.