,,ავტორმა, ჟურნალისტმა კლარა ბარათაშვილმა დიდი შრომა დახარჯა იმისათვის, რომ მაჰმადიანი მესხების ანთროპონიმიკაში ქართული შრე გამოევლინა. აღსანიშნავია რომ თვითონ კლარა ბარათაშვილი წარმოშობით მესხია, დეპორტირებული მესხების სამშობლოში დაბრუნებისათვის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლატიფშა ბარათაშვილის ქალიშვილი. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის (ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) მოსახლეობის აღწერა XIX საუკუნის განმავლობაში, დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ ე.წ. "თურქი მესხები" წარმოადგენენ ეთნიკურ ქართველებს მესხთა ტომიდან, რომელთა ქართული გვარები ამ დოკუმენტებშია შემონახული. ავტორმა გამოკვლევას თან დაურთო საუბრები თანამემამულეებთან. ამით უფრო საინტერესო გახადა თავისი ნაშრომი. გასახლებულთა გულწრფელი, უშუალო მონათხრობები წარმოადგენს ხალხის ცოცხალ მეხსიერებას, რომელშიც ინახება ძვირფასი ინფორმაცია მათი ეთნოგენეზის შესახებ" – გურამ მამულია.