სამხრეთ კავკასიის სამი ხალხის – ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების ერთ რეგიონში ცხოვრება არ არის არჩევანი, ეს ისტორიული მოცემულობაა. ასევე ისტორიული მოცემულობაა, რომ ამ ხალხებს იმპერიების გზაგასაყარზე მოუწიათ არსებობა. წიგნის შინაარსი, გეოგრაფია და ავტორთა ბიოგრაფიები ვრცელი და მრავალფეროვანია. ის ცალ-ცალკე და ერთად ეხება ფედერაციის სამივე სუბიექტს, ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთში მიმდინარე რევოლუციებსა და სამოქალაქო ომს, ოსმალეთს, გერმანიას, უკრაინას, ომში გამარჯვებულ მოკავშირეთა (ანტანტის) ხედვებსა და ა. შ. თითოეული სუბიექტის შემთხვევაში განხილულია როგორც მხარეთა ურთიერთქმედება, ასევე ამ სუბიექტთა შიგნით მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, რაც იმპულსს აძლევდა გარე სამყაროსთან მათ ურთიერთობას.

