„უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე.
„შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ თავისებური ლიტერატურული თამაშია – მწერალი თამაშობს სიტყვებით, ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც.
განსხვავებულია პავიჩის 2004 წელს გამოცემული დეტექტიური რომანის – „უნიკალური ეგზემპლარის“ კომპოზიცია: წიგნს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება.
თავისი მეუღლისა და შთაგონების წყაროს – იასმინა მიხაილოვიჩისადმი მიძღვნილი „სხვა სხეულის“ მთავარი პერსონაჟი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ; თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა“ გამოცანა-საიდუმლოს.