ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, „მე წითელი მქვია“, რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. ამაზე, და ჯერ ერთი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის თაობაზე, თავად მკვლელი, მოკლულები, მათი მეგობრები და ნათესავები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი ცალ-ცალკე მოგვითხრობენ. ავტორის შეფასებით, „მე წითელი მქვია“ ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია.