ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ილია ჭავჭავაძე : მონოგრაფია

გამოცემის წელი1966
გამომცემლობაგანათლება

ქართველი კაცი მოსწავლის მერხიდანვე ეზიარება ხოლმე ილია ჭავჭავაძის მხატვრულ შემოქმედებას და მთელი სიცოცხლის მანძილზე მას ვეღარ შორდება. ფილოლოგები ათეულ წლებს ანდომებენ ილიას მემკვიდრეობის, როგორც დიდი ეროვნული განძის, მეცნიერულ ანალიზს. ეს სავსებით ბუნებრივი, კანონზომიერი ფაქტია. „აჩრდილის“ ავტორი ისე ორგანულად ჩაექსოვა ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ისე დაუკავშირდა თავისი ერის კატაკლიზმებით აღსავსე ქარიშხლიან ყოფას, რომ შეუძლებელი ხდება განიხილო ჩვენი წარსულის საკვანძო პრობლემები და ილია ჭავჭავაძეს გვერდი აუარო ილია და საქართველო განუყრელია, როგორც რუსთაველის, ბარათაშვილის, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის დიდ სახელებს მას ვერ დავაშორებთ. ეს ჩვენი გენიოსი ოქროპირები, თავიანთი ერის განუმეორებელი მშვენებანი და დიდებანი, ყოველთვის იქნებიან ქართველი კაცის არა მარტო მოძღვარი-შთამაგონებლები, სულიერი გამამხნევებლები და აღმზრდელები, არამედ გულისა და სულის მესაიდუმლენიც. მათი ღრმად შესწავლა ყოველთვის იქნება ქართველ მეცნიერთა გატაცების საგანი. 
ჩვენც იმ ქართველ ლიტერატორთა ჯგუფს ვეკუთვნით, რომლებიც ათეული წლობით „აჩრდილის“ ავტორს მეცნიერულად სწავლობენ. ეს მონოგრაფია ხანგრძლივი ფიქრის, წლების მანძილზე რუდუნების შედეგია ორ-სამ წელიწადში მისი დაწერა სრულიად შეუძლებელი იყო. ათეული წლების განმავლობაში ჩვენ ისე ვსწავლობდით და ისე ვითვისებდით ილიას მემკვიდრეობას, როგორც არქეოლოგები იკვლევენ გარდასული დროის ძეგლებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ, თუ ილია ჭავჭავაძე წარსულ ეპოქას ეკუთვნის, როგორც ადამიანი, სამაგიეროდ, როგორც მწერალი, მოაზროვნე, მოღვაწე, ჩვენი წინამორბედია, ჩვენი თანამედროვე.
დიდი ხელოვანი ყოველთვის შეპირობებულია თავისი დროის კონკრეტული სინამდვილით, მაგრამ თანამედროვეობის ასახვასთან ერთად იგი წარსულის მემკვიდრედ და მომავლის მენტორად გვევლინება, როგორც ბუნებრივი პროცესის სავსებით კანონზომიერი შედეგი. აწმყო ხომ შობილია წარსულისაგან და მშობელია მომავალისა, როგორც ლაიბნიცის გენია იტყოდა, როგორც ეს, სწამდა ილია ჭავჭავაძეს, გასული საუკუნის საქართველოს 60-იანი წლების ყველაზე დიდ წარმომადგენელს, მეთაურსა და მესიტყვეს.

ავტორი