წინამდებარე ნაშრომით – იოსებ ფლავიუსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი („იუდეველთა სიძველენი"), III – დასრულდა ჩ.წ.-ის | საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი, 20 წიგნის შემცველი თხზულების– „მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი" – ქართული თარგმანის პუბლიკაცია. I-XV წიგნები ქართულ ენაზე ბერძნული დედნიდან უკვე XII საუკუნეში ითარგმნა. თარგმანმა ჩვენამდე XIII საუკუნის ხელნაწერით მოაღწია. ეს ნაწილი სამეცნიერო აპარატითურთ 1987-1988 წწ-ში გამოქვეყნდა ორ ტომად. უკანასკნელი ხუთი წიგნის გამოცემით (XVI-XX წიგნები) შეივსო ხარვეზი, რომელიც დღემდე არსებობდა ამ კუთხით. თხზულების ეს ნაწილი ქართულად XIX საუკუნეში იქნა გადმოღებული ლათინურიდან მომდინარე რუსული თარგმანიდან სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის ინიციატივით მისი კარის მღვდლის, დავით ინანიშვილის მიერ. ფლავიუსის ნაშრომი ძირითადად XI-XX წიგნების ფარგლებში იძენს უძველესი ისტორიული წყაროს მნიშვნელობას, რადგან ეფუძნება ანტიკური პერიოდის ბევრ ისეთ ავტორს, რომელთა ნაშრომებმა დღევანდლამდე ვერ მოაღწია. გარდა ამისა, იოსებ ფლავიუსი არის ის პირველი, მაცხოვრის თითქმის თანამედროვე ავტორი, რომელიც გარკვეულ კონტექსტში საუბრობს იესო ქრისტეზე, იოანე ნათლისმცემელსა და უფლის ხორციელ ძმაზე, იაკობზე (XVIII წიგნი), რაც, რა თქმა უნდა, ზრდის ნაშრომის ამ ნაწილის ღირებულებას. წინამდებარე პუბლიკაციაში ტექსტს წინ უძღვის მიმოხილვითი ხასიათის გამოკვლევა, რომელშიც საუბარია იოსებ ფლავიუსის თხზულების შექმნის მიზეზსა და მიზანზე, ქართული თარგმანის ტექსტის ისტორიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ტექსტს დართული აქვს ლექსიკონი, თხზულებაში დადასტურებულ საკუთარ სახელთა საძიებელი და იოსებ ფლავიუსის ნაშრომისადმი მიძღვნილი როგორც ქართული, ასევე უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფია.