კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარე საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამყაროების გზაჯვარედინზე ანუ იმ ადგილზე იმყოფება, სადაც ხვდება და გადაიკვეთება აღმოსავლური (არაისტორიული) და დასავლური (ისტორიული) მსოფლმხედველობები, ამიტომ, სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ ერთი მხრივ საქართველო უძველესი მისტერიების მხარედ ითვლება, ხოლო მეორე მხრივ, ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანული ტრადიციების ქვეყნად.
გადმოცემების თანახმად (და ამას დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებიც ადასტურებენ), კოლხეთში (დღევანდელ დასავლეთ საქართველოში) მდინარე რიონის (ძველად ფაზისის) აუზის მიდამოებში ე.წ. „კოლხური მისტერიები“ იმართებოდა.
გარდა ამისა, კოლხეთთანაა დაკავშირებული მითი არგონავტების შესახებ, რომელმაც მოაღწია, არსებითად, ორი ბერძენი პოეტის პინდარესა (520 წ.ძვ.წ.) და აპოლონიოს როდოსელის (250 წ.ძვ.წ) აღწერილობიდან. მასში, როგორც ცნობილია, მოთხრობილია მედეასა და იასონის სასიყვარულო ისტორიის შესახებ, რომელიც, ფაქტიურად, არგონავტების შესახებ მითის რელიგიურ საფუძველს წარმოადგენს, რომელშიც ოქროს საწმისის სიმბოლოს ცენტრალური ადგილი უკავია და სხვ.
ასევე, შემთხვევითი არ არის, რომ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი გმირის -- პრომეთეს ხატება (რომლის ჰომოლოგიასაც ქართული მითი წარმოადგენს ამირანის შესახებ) მაინცდამაინც კავკასიონის ქედზეა მიჯაჭვული.
ამგვარი კულტურის მემკვიდრე საქართველო გახდა ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოიტოვა უკან ღვთაებრივ წიაღში უშფოთველი, მშვიდი წრებრუნვა და ღვთაებრივი წინამძღოლობით შეუდგა საკუთარი თავის შეცნობას განვითარებაში, რომელიც ნელ-ნელა მიემართება უმაღლესი მიზნებისაკენ.
ამ გზას საქართველოსთვის ქრისტიანობა წარმოადგენდა, რომელიც ოფიციალურ რელიგიად მეოთხე საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოცხადდა და დაკავშირებულია მოციქულთა სწორი წმ.ნინოს სახელთან. თუმცა არსებობს ვერსიებიც, რომლის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობას პირველ საუკუნეშივე ჰყავდა მიმდევრები. ამ ვერსიებს ამაგრებს გადმოცემები იმის თაობაზედ, რომ ქრისტიანობის პირველი მქადაგებელნი საქართველოში იყვნენ ქრისტეს უშუალო მოწაფეები მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი (I საუკუნე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა და ნიკოფსიაში დაუკრძალავთ.
ცნობილია, რომ მეხუთე საუკუნისათვის (და უფრო ადრეც) ქართულ ენაზე უკვე არსებობდა სახარებები (ევანგელე), „პავლე“ (ეპისტოლენი), „ასერგასნი ფსალმუნნი" (დავითნი), ბერძენ მოწამეთა წიგნი, მრწამსი და სხვ.
ასევე, ეროვნული რელიქვიების თაყვანისცემის კულტი, სპეციალისტების აზრით (იხ. ბ.ლომინაძე, 1966) მეხუთე საუკუნისათვის უკვე ჩამოყალიბებული იყო ("სვეტი ცხოველი“, წმ.შუშანიკის ბორ კილები და სხვ.).
ნაშრომი მიზნად ისახავს ქართული კულტურის, როგორც ონტოფანიის (არსის, არსებულის) გამოვლენის ერთ-ერთი ვარიანტის შესწავლას სიმბოლოებისა და რიტუალების დადგენის, აღწერისა და ახსნა-განმარტებების გზით.
კვლევის ობიექტი, ერთი მხრივ სიმბოლოა, რომელიც მ. ელიადესეული მნიშვნელობით სამყაროს გზავნილს, „შიფრს“, სიტყვას წარმოადგენს, რომელშიც და რომლის მეოხებითაც სამყარო ვლინდება და ლაპარაკობს; ხოლო, მეორე მხრივ, პირველი საკულტო ქმედებაა, მუდმივ მემკვიდრეობითი განმეორების გზით რიტუალად ქცეული, რომლის სპეციფიკურ თვისებას სიმბოლურობა წარმოადგენს.
რამდენადაც ნაშრომში წარმოდგენილი სიმბოლოები რელიგიური ხასიათისაა, ისინი შეისწავლებიან საკუთარი არსის ფარგლებში (ე.ი. რელიგიურ დონეზე), მისგან გამომდინარე უფლებით კვლევის შედეგები გაერთიანდნენ უფრო დიდ პერსპექტივაში.
თანამედროვე სამყაროში, როდესაც ტრადიციის უკანასკნელი ნაპერწკლები ქრება, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და აღვადგინოთ ჭეშმარიტი ტრადიციის პერსპექტივა და მისი ღვთაებრივი წყარო.
ავტორი