ჩვენი „კრიტიკული ეტიუდების“ I, II, III ტომებს უმაღლესი და საშუალო სკოლები დამხმარე სახელმძღვანელოებად იყენებენ. ამ გარემოებამ გვაფიქრებინა IV ტომის გამოცემა. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ასეთი ხასიათის ნაშრომებზე მოთხოვნილება დიდია: თითოეული ტომის მთელი ტირაჟი სწრაფად გავრცელდა.
წინამდებარე IV ტომში შესული ეტიუდების ერთი ნაწილი ადრე იყო გამოქვეყნებული ჩვენს პერიოდულ პრესაში. ავტორმა ზოგიერთი მათგანი გაასწორა ახალი სალიტერატურო ნორმების გათვალისწინებით, ხოლო ზოგიერთში დამატებებიც შეიტანა.
მკითხველმა გვინდა იცოდეს, რომ წერილები „ილია ჭავჭავაძის ლექსები“ და „ილია ჭავჭავაძის ისტორიული პოემა“ ერთი ნაწილია ავტორის ვრცელი მონოგრაფიისა, რომელიც ცალკე წიგნად უნდა გამოვიდეს. ორივე წერილი პირველად იბეჭდება. რაც შეეხება „ქართული ფილოლოგიის პატრიარქს, იგი ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ „საიუბილეო კრებულში“, რომელიც მიეძღვნა აწ განსვენებული აკადემიკოსის კორნელი კეკელიძის დაბადების 80 წლისთავს. უნივერსიტეტის „შრომებში“ (ტ. 93, 1960 წელი) დაიბეჭდა აგრეთვე „ლიტერატურის ისტორიის გზებზე, რომელშიაც მოკლედ არის დახასიათებული პროფესორ მიხეილ ზანდუკელის სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობა.
მოკლე წერილი – „საქართველოს უძველესი წარსულის კულტურულ-ისტორიული ძეგლები“ გამოქვეყნდა 1941 წელს. აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ მას რედაქცია გაუკეთა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით მისთვის მადლობა გამოგვეცხადებინა. სრულიად მოულოდნელად წავიდა ჩვენგან დიდი მომავლის აღმთქმელი სახელოვანი მეცნიერი. წერილის შესავალი ნაწილი მაშინ არ დაგვიბეჭდია, უადგილობის გამო, აქ კი აღდგენილია.
საფუძვლიანად გადავამუშავეთ წერილი – „ტრაგიკული პოეტი“ (დავით გურამიშვილი), რომელიც ნაწილობრივად 1942 წელს დაიბეჭდა. იგივე უნდა ითქვას შედარებით ვრცელ ეტიუდზე „მძაფრი რეალისტი, რომლის ერთი ნაწილი პირველად 1934 წელს გამოქვეყნდა.
წერილები – „ერის დიდება“ და „ვაჟას გენია“ წაკითხული იყო მოხსენებად დიდი ქართველი პოეტების – აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საიუბილეო საღამოებზე. წერილები – „პოეტური სილამაზის გენია“, „სიძულვილით სიყვარულის მომღერალი“ და „სამოქალაქო პოეზიის მოტივები“ ადრე იყო გამოქვეყნებული. აქ მცირეოდენი რედაქციული ცვლილებებით იბეჭდება. წიგნის შინაგანი მთლიანობისათვის რომ მიგვეღწია, მასალები ქრონოლოგიური პრინციპით არ დაგვილაგებია. როგორც წინა სამი ტომის, ისე ამ წიგნის მიზანი ერთია: დახმარება გაუწიოს ლიტერატურით დაინტერესებულ მოსწავლე ახალგაზრდობას, მკითხველებსა და მასწავლებლობას. თუ წიგნმა ეს ოდნავ მაინც შეძლო, ჩვენ კმაყოფილი დავრჩებით. „კრიტიკული ეტიუდების“ IV ტომი პირველად გამოდის.
ავტორი