„მრისხანების მტევნები“ (ინგლ. The Grapes of Wrath) – ამერიკელი მწერლის, ჯონ სტაინბეკის, 1939 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც რეალიზმის ჟანრს განეკუთვნება. ამ რომანისთვის სტაინბეკს გადაეცა პულიცერის პრემია და ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო. „მრისხანების მტევნებმა“ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავტორისთვის 1962 წელს ნობელის პრემიის მინიჭებაში.
გამოცემამდე ზუსტად ოთხი წლით ადრე, 1935 წლის 14 აპრილს, ჩრდილოეთ ტეხასსა და ოკლაჰომას შტატებს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მტვრიანმა ქარიშხალმა გადაუარა. ეს დღე ისტორიაში „შავი კვირა დღის“ სახელით შევიდა. ქარიშხალმა ათასობით ოკლაჰომელის მიგრაცია გამოიწვია.
რომანის სიუჟეტი დიდი დეპრესიის პერიოდში ვითარდება და მის ცენტრში ჯოუდების დიდი ოჯახი დგას. მტვრიანი ქარიშხლითა და ველური საბანკო ეკონომიკით გაწამებული ფერმერები სამუშაოსა და საცხოვრებლის გარეშე რჩებიან, მთელ თავიანთ ავლადიდებას ერთ მანქანაზე ტვირთავენ და სამსახურისა და ღირსების საძებნელად კალიფორნიაში გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ისტორიული კონტექსტისა და მხატვრული ღირებულების გამო, „მრისხანების მტევნები“ ხშირად არის დისკუსიისა და განხილვის საგანი ამერიკის უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებში. 1940 წელს კინორეჟისორმა ჯონ ფორდმა რომანის ეკრანიზაცია გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს.
„მრისხანების მტევნები“ მშრომელთა კლასში დიდი სიყვარულით სარგებლობს, რადგან ადვილად შესამჩნევია ავტორის მხარდაჭერა და თანაგრძნობა მიგრანტებისა და მშრომელთა მოძრაობისადმი