ჩვენი შრომის მიზანია, მიაწოდოს ფართო საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, ძირითადი მნიშვნელობის ენათმეცნიერული ცნობები, რაკი „საენათმეცნიერო საუბრები“ განკუთვნილია არა სპეციალური მომზადების პირთათვის, ბუნებრივია, ავტორის თხრობა პოპულარულ და თავისუფალი კვლევითი ხასიათის დეტალიზაციისაგან; აქ მეცნიერული ძიებების შედეგებია გადმოცემული, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, და ამიტომ ჩვენ თავი შევიკავეთ, განგვევრცო ცალკეული საკითხები სათანადო სიღრმითა და მოცულობით. თუ ყველგან არ მოხერხდა თავი დაგვეღწია სპეციალური ტერმინოლოგიისათვის, ამასაც თავისი გამართლება შეიძლება მოეძებნოს: არაფერი დაშავდება, – და ეს სასურველიცაა, – თუ ფართო მკითხველი შეეჩვევა ძირითად ლინგვისტურ ცნებებს, – მთავარია, თხრობა არ იყოს დამძიმებული და მოსაწყენი.
საილუსტრაციო მასალა აღებულია უმთავრესად ქართველ ენათმეცნიერთა შრომებიდან, შიგადაშიგ საკუთარი დაკვირვებებიცაა წარმოდგენილი. ავტორებზე მითითება, ცხადია, ამგვარი მიზანდასახულების ნარკვევში შეუფერებელი იქნებოდა, – „საენათმეცნიერო საუბრებს“ დამოუკიდებელი კვლევის პრეტენზია არა აქვს, წიგნის ხასიათი ამართლებს წყაროებისადმი თავისუფალ დამოკიდებულებას.
ენის რთული საკითხების ამ წესით დალაგება პირველ ცდას წარმოადგენს ჩვენს სინამდვილეში და, გასაგებია, მას გარკვეული ნაკლიც ექნება.