„ზიდჰარტა“ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას.