ცნობილმა შვეიცარიელმა მწერალმა მაქს ფრიშმა მსოფლიო სახელი თავისი დრამატურგიით მოიხვეჭა. მისი რომანები: „შტილერი", „Homo faber“, „ვიქნები თუნდაც განტენბაინი", „მონტოკი“, მისი მოთხრობები, წერილები და ესეები ცნობილია მთელ მსოფლიოში. მწერალი ბევრს მოგზაურობდა და აქვეყნებდა კიდეც მოგზაურობის შთაბეჭდილებებს. მოგზაურობის სურათები ზოგჯერ უშუალოდ აისახება მის მხატვრულ ნაწარმოებებში, ზოგჯერ კი მხოლოდ გაიელვებს ხოლმე. მწერალი გვიხატავს გმირების მძაფრ ვნებებს, ტექნიკური ცივილიზაციის სამყაროში ადამიანის სულიერ სიმარტოვეს. ისინი თითქმის ყოველთვის ფიქრობენ და ბჭობენ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე, მწერლის მხატვრული სამყარო, შეიძლება ითქვას, მოაზროვნე, ინტელექტუალური ადამიანებითაა დასახლებული.