თომას პეინის „საღი აზრი“ პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია. ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მასში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფუძემდებლური პრინციპებია ჩამოყალიბებული. პეინი ძალზე ნათლად და დამაჯერებლად გვიჩვენებს, თუ რა უპირატესობა აქვს პიროვნულ და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. იგი ევროპული განმანათლებლობის საღ პოზიციებზე დგას და ფიქრობს, რომ ადამიანის შინაგანი ბუნებისათვის უცხოა ყოველგვარი ბატონი, ზეცის შემოქმედის გარდა. ადამიანის ღირსეული არსებობა მის თავისუფალ არჩევანზე უნდა იყოს დაფუძნებული. სწორედ ეს უზრუნველყოფს საზოგადო კეთილდღეობას, რაც ნებისმიერი საღად მოაზროვნე პიროვნებისა და ხალხის სანუკვარი მიზანია.