ამ წიგნს ორი დასაბამი აქვს. პირველი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა, სემუელ ჰანტიგტონმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მთხოვა, რომ წინასიტყვაობა დამეწერა მისი 1968 წლის კლასიკად ქცეული ნაშრომის – „პოლიტიკური წესრიგი ცვალებად საზოგადოებებში" – ახალი გამოცემისთვის. ჰანტინგტონის შრომა პოლიტიკური განვითარების თაობაზე ფართომასშტაბიანი კვლევის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იყო და მე მას ხშირად ვიყენებდი სასწავლო პროცესში. ამ ნაშრომმა დააფუძნა ბევრი საკვანძო იდეა შედარებით პოლიტიკაში, მათ შორის, კონცეფციები პოლიტიკური დაკნინებისა და ავტორიტარული მოდერნიზაციის შესახებ, ასევე მოსაზრება, რომ პოლიტიკური მოდერნიზაცია მოდერნიზაციის სხვა ასპექტებისაგან ცალკე მდგომი ფენომენია.
როდესაც წინასიტყვაობის წერას შევუდექი, აღმოჩნდა, რომ მართალია, „პოლიტიკური წესრიგი“ ბევრ რამეს ჰფენდა ნათელს, მაგრამ წიგნს მაინც სერიოზული განახლება სჭირდებოდა. წიგნის დაწერის დროისთვის მხოლოდ ერთი ათწლეული იყო გასული დეკოლონიზაციის დიდი ტალღიდან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროს გადაუარა და მისი ბევრი დასკვნა ასახავდა იმ პერიოდის უკიდურეს არასტაბილურობას, მთელი თავისი სამხედრო გადატრიალებებითა და სამოქალაქო ომებით. წიგნის გამოსვლის შემდგომ წლებში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური აღმავლობა, მსოფლიო კომუნიზმის კოლაფსი, გლობალიზაციის აჩქარება და 1970-იან წლებში დაწყებული, როგორც თავად ჰანტინგტონი უწოდებდა, დემოკრატიზაციის „მესამე ტალღა“ ვიფიქრე, რომ მიზანშეწონილი იყო წიგნში განხილულ თემებთან მიბრუნება და მათი მისადაგება დღევანდელ სამყაროსთან.
ავტორი