,,ძველი ქართული სახვითი ხელოვნების, სახელდობრ, XIV საუკუნის პირველი ნახევრის მონუმენტური ფერწერის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მხატვარ დამიანეს შემოქმედებას. მისი ხელოვნება მთლიანად – როგორც შემოქმედებითი ძიების სიღრმით, ისე ფერწერული ოსტატობით – დაფუძნებულია ძველი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ ტრადიციებზე. ამავე დროს ორგანულ კავშირს ავლენს პალეოლოგთა ეპოქის ბიზანტიის, სლავური ქვეყნების, განსაკუთრებით, სერბიის, მაკედონიისა და რუსეთის ხელოვნების მოწინავე მიმართულებებთან. მონუმენტური ფერწერის ძეგლთა შესწავლამ ცხადყო, რომ ამ ქვეყნებში ხელოვნების ახალი სტილის აღმოცენება პარალელურად ხდებოდა და განპირობებული იყო თითოეული მათგანის ეკონომიური და სოციალური განვითარებით".