ავტორის შესახებ
შალვა ამირანაშვილი ( დ. 26 მარტი, 1899, ონი – გ. 9 თებერვალი, 1975, თბილისი ) – ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება)1922 წელს. 1923-1925წწ. მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. 1925 წლიდან იყო თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, 1939-1975წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. შ. ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. მას ერგო პატივი 1945 წელს საბჭოთა მთავრობის მიერ წარგზავნილი ყოფილიყო საფრანგეთში და ჩამოეტანა სამშობლოში მენშევიკების მიერ გატანილი ეროვნული განძი. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა.