დავით გურამიშვილის პოეზიის კვლევა-ძიების არეალი საკითხთა ფართო სპექტრის მომცველია. იგი დიდი ხანია მკვლევართა ინტერესის საგანია. XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე ამ პრობლემის გარშემო დაგროვდა დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურა.
მართალია, დ. გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი დაიწერა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკვლევი ღა საძიებელი უთუოდ ჯერ კიდევ წინ არის, ნათქვამი გულისხმობს პოეტის მსოფლმხედველობისა თუ სახისმეტყველების სრულყოფილ, ყოვლისმომცველ კვლევასა და შესწავლას. ამ კომპლექსში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იჭერს „დავითიანის“ წყაროებისა და მათი მსოფლმხედველობრივ-ესთეტიკური ფუნქციის კვლევის პრობლემები.
სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ „დავითიანი“ წარმოადგენს ძველი ქართული სულიერი კულტურის ლოგიკურ გაგრძელებას მისი შემდგომი გაღრმავება-განვითარების ნიშნით ამიტომაც „დავითიანის“ ავტორის მსოფლმხედველობრივი პოზიციის გარკვევა, მისი პოეტური ბუნების, მხატვრულ-ესთეტიკური სამყაროს გაგება-გაცნობიერება უპირველესად ბიბლიურ-ფოლკლორული და ძველი ქართული ლიტერატურულ-ფილოსოფიური წყაროების გამოვლენა-გათვალისწინების ნიადაგზე უნდა მოხდეს.