ჟურნალის პირველ ნაწილში ქართველი და უცხოელი ქართველოლოგები აფასებენ გურამ კარტოზიას ღვაწლსა და მისი ნაშრომების მნიშვნელობას ზემოთ ჩამოთვლილი დარგებისათვის. ისინი საგანგებოდ აღნიშნავენ გურამ კარტოზიასთვის დამახასიათებელ უტყუარ მეცნიერულ ალღოსა და კვლევის თანმიმდევრულ მეთოდოლოგიას, საკითხისადმი კომპლექსური მიდგომისა და პრობლემის სისტემური გააზრების იშვიათ უნარს, უკიდურეს მეცნიერულ კეთილსინდისიერებასა და აკურატულობას, ისევე როგორც მის განსაკუთრებულ პიროვნულ ხიბლს, უშრეტ ენერგიასა და მეცნიერული კვლევის ხალისს, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებია. ჟურნალის მეორე ნაწილი მეცნიერისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სტატიებს ეთმობა.