ცნობილი ბერძენი მწერლის ყველაზე სკანდალური რომანი, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის...
„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.