ავტორის შესახებ
ბეჟან გიორგის ძე გიორგაძე – (დ. 25 მარტი, 1905, სოფ. ვალე, ახალციხის მაზრა, — გ. 29 ნოემბერი, 1984, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. XX საუკუნის 20–იან წლებში სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში სიტყვიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. აქვე გაწევრიანდა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ რიგებში. დაამთავრა ვატიკანის უნივერსიტეტი და მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. 1930-იან წლებში დაბრუნდა საქართველოში. 1938-1946 და 1951-1956 წლებში პოლიტიკურ შეხედულებათა გამო რეპრესირებული იყო. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკარად და მეცნიერ თანამშრომლად; თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასწავლიდა იტალიურ ენას.