ავტორის შესახებ
ელენე სალარიძე (ელიკო შოშიტაშვილი) ( დ. 13 მარტი, 1953 ) – მწერალი, ჟურნალისტი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1977 წელს. 1977 წლიდან მუშაობდა რაიონულ გაზეთ "ახალ მარნეულში" კორესპონდენტად; 1979 წლიდან ჰოლდინგურ კომპანია "სამთო ქიმიაში" ამავე სახელწოდების მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორის მოადგილედ, პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, პრეზიდენტის თანაშემწედ; 2000 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრაში" მთავარი რედაქტორის თანაშემწედ, სტილისტ-რედაქტორად; 2011 წლიდან მუშაობს ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის "ისტორიანის" სტილისტ-რედაქტორად და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" რედაქტორად; არის "პალიტრა L-ის" მიერ გამოცემული ასზე მეტი წიგნის რედაქტორი. მათ შორის ისეთი სერიების წიგნებისა, როგორებიცაა: "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო", "პალიტრა კლასიკა"; ასევე რედაქტორია ცალკეული წიგნების, მათ შორის: გიორგი კალანდიას "სამი ქართული ამბავი"; Toresa Mossy-ს (ვახტანგ მოსიაშვილის) "სიბრძნე სიცრუისა"; ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" ორ წიგნად (ილია აგლაძის და არისტო ჭუმბაძის თარგმანი); მამა ადამის "სოხუმის ქუჩაზე" (ლექსები) და "იმიტომ, რომ სახლია შენი!" (პროზაული ტექსტები). მისი პუბლიკაციები (ნარკვევები, რეპორტაჟები, ინტერვიუები) პერიოდულად ქვეყნდებოდა თანადროულ რესპუბლიკურ პრესაში, მათ შორის გაზეთებში: "ახალგაზრდა კომუნისტი", "თბილისი", "კვირის პალიტრა", ასევე ჟურნალებში: "გზა", "რეიტინგი", "ისტორიანი". ლიტერატურული გადაცემები მიჰყავდა საქართველოს რადიოში. არის რვა წიგნის ავტორი (რომანები, პროზაული ტექსტები). ეს ტექსტები წიგნებად გამოცემამდე იბეჭდებოდა ჟურნალებში "რეიტინგი" და "ოჯახის მკურნალი". არის მრავალი საბავშვო ლექსის ავტორი (ელენე სალარიძე – საბავშვო ლექსების ავტორები – kids.ge). გამოსაცემად მომზადებული აქვს საბავშვო ლექსებისა და ლიტერატურული ესსების კრებული.