ავტორის შესახებ
ლალი ავალიანი ( დ. 20 ივლისი, 1939 ) – ლიტერატურის ისტორიკოსი, ესეისტი, კრიტიკოსი, ფილოლოგიის დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს; ამავე ფაკულტეტის უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა 1965 წელს.
1963 წლიდან იყო "ვაჟა ფშაველას კაბინეტის" მუდმივმოქმედი სემინარის წევრი და თუშ-ფშავ-ხევსურეთში ექსპედიციათა ("ვაჟა ფშაველას ნაკვალევზე,") უცვლელი მონაწილე; 1966-1990წწ. "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან მუშაობდა ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში უმცროსი, შემდეგ უფროსი სამეცნიერო რედაქტორის თანამდებობაზე (კურირებდა ქართულ ლიტერატურას); 1970-1973წწ. უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის მიწვეული ლექტორის რანგში კითხულობდა სპეციალურ კურსს - "XX საუკუნის 10-20-იანი წლების ქართული ლიტერატურული დაჯგუფებანი"; 1990 წლიდან იგი შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია; 1966 წლიდან მისი გამოკვლევები, კრიტიკული წერილები და პუბლიცისტური ესეები იბეჭდება ქართულ პერიოდიკაში; გამოქვეყნებული აქვს სამასამდე სტატია; დღესაც სისტემატურად თანამშრომლობს სამეცნიერო გამოცემებსა თუ ლიტერატურულ ჟურნა-გაზეთებში. პირველი "ქართული საბჭოთა 11-ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედიის" გამოცემაში დიდი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1987).