ავტორის შესახებ
კუკური წიქარიშვილი ( დ. 12 აგვისტო, 1948 ) – გეოგრაფი, მეცნიერი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1973 წელს. 1973 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1973-1977წწ. - უფროსი ლაბორანტი; 1977-1979წწ. - ინჟინერი; 1979-1982წწ. - უფროსი ინჟინერი; 1982 წლიდან უფროსი მეცნიერი. 1973 წლიდან საქართველოს კარსტული ზოლის დაბალი, საშუალო და მაღალმთიანი კირქვული მასივების შემსწავლელი 50-მდე სპელეოლოგიური და ბუნების სტიქიური მოვლენების შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე. 1973 წელს ჩაირიცხა ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებლად. საქართველოს კარსტული ზოლის განსხვავებულ ბუნებრივ ლანდშაფტურ ზონაში მდებარე მსგავსი მორფოლოგიის მქონე სიღრუეებში ჩატარებული მეტეოდაკვირვებების სტატისტიკური დამუშავებით, ჩამოყალიბდა კონცეფცია მღვიმის ჰაერის ტემპერატურასა და აბსოლუტურ სინოტივეზე ჰიფსომეტრიული ფაქტორის გავლენის შესახებ, რაც ნებისმიერი სიმაღლითი ზონის მღვიმეებისათვის კლიმატური რეჟიმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. დამუშავებული იქნა აგრეთვე რიგი პრაქტიკული საკითხები. აგრძელებს მუშაობას მთიანი მხარეების სპელეოკლიმატური, კარსტო-სპელეოგენეზის პრობლემაზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 1 ბროშურა, 115 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 30-ზე მეტი - სპელეოლოგთა საკავშირო (პერმი, 1981; მოსკოვი, 1982, 1990; კიევი, 1987; სანქტ-პეტერბურგი, 1990 და სხვ.) და საერთაშორისო (ბარსელონა, 1985; თბილისი, 1987; კოშიცე, 1988; სოფია, 1990 და სხვ.) სიმპოზიუმებისა და კონგრესის მასალებში.