ავტორის შესახებ
გიორგი ბარამიძე ( დ. 2 ივლისი, 1957 ) – მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2001).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1983-1987წწ.ასისტენტი; 1987-1999წწ. უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1995-1999წწ. ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის უფროსი; 1996-1999წწ. მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სოციალური ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, ონტოთეოლოგია, ლიტერატურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამ ათეულზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია. იგი ეწევა აგრეთვე მთარგმნელობით საქმიანობას. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა მარტინ ჰაიდეგერის "დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა" (1992) და "თემშარა" (1993), მაქს ვებერის "პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა" (1994) და ჰერმან ჰესეს "ნოვალისი" (1989).