წინამდებარე ნაშრომი შედგება რამდენიმე ესსესგან, რომელიც ეხება იმ ანთროპოლოგთა თეორიებს მითსა და რელიგიაზე, რომელნიც გამოირჩევიან შეხედულებების ორიგინალობით და წვლილი შეიტანეს მეოცე საუკუნის თეორიების განვითარებაში; მათ გამორჩეული ადგილი უკავიათ აღნიშნულ სფეროში, ყველაზე მეტად ციტირებულნი და აღიარებულნი არიან, ხოლო მათი არგუმენტები,ზოგჯერ, ცხარე კამათსაც იწვევს. ნაშრომი არც ისტორიაზეა ორიენტირებული და არც ყველა თემის ყოველმხრივ მიმოხილვაზე, რომელსაც რელიგიის ანთროპოლოგებთან შეიძლება შევხვდეთ. ის იფარგლება მეოცე საუკუნის განმეორებადი თემებით, მთავარი საკითხებით, რომელნიც დრო და დრო აახლებენ კამათსა და დისკუსიას.
წინამდებარე კრებული მკითხველს აცნობს რელიგიის ანთროპოლოგიის მთავარ თეორიულ იდეებს და აშუქებს მათ სპეციალური კვლევებით. ნაშრომი შედგება დამოუკიდებელი თემებისგან, თითოეულს თანდართული აქვს მითითებანი და ლიტერატურა, ასე რომ, თავების წაკითხვა ნებისმიერი რიგით არის შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ რელიგია კაცობრიობის კულტურის ინტეგრალური ნაწილია, იგი მხოლოდ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში გახდა მეცნიერული ანალიზის ობიექტი. წინამდებარე კრებულში მეოცე საუკუნის პოპულარული იდეები შედარებულია 19-ე საუკუნის ინტელექტუალისტთა იდეებთან და, ასევე, გადმოცემულია თანამედროვე იდეები რელიგიის ანთროპოლოგიაზე.