,,ფილოსოფია ძალიან ძველი სიტყვაა. მისი პირველი ამჟღერებლები ძველი ანტიკური დროის ბერძნებია, რომლებიც ცხოვრობდნენ ქრისტეზე ბევრი საუკუნით ადრე. ეს ნიშნავს, რომ აზროვნება, ფიქრი, მნიშვნელოვანი საკითხების გააზრება იმდენად ბუნებრივია და აუცილებელი, რომ ამას სპეციალური სიტყვა, ტერმინი მიუსადაგეს. ერთი შეხედვით, თითქოსდა ფიქრი, აზროვნება, ანალიზი, გააზრება ყველასთვის გასაგები და დამახასიათებელი ქმედებაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფილოსოფია სხვანაირი ფიქრია, ისეთი აზროვნებაა, რომელიც ყველას არ შეუძლია ან არ უნდა. ფილოსოფია არც ანალიზზე დაიყვანება და არც მსჯელობით შემოიფარგლება. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი მისთვის განსაკუთრებული ტერმინის მოგონება. ჩვენ შემთხვევით არ ვახსენეთ სიტყვა ”ქმედება”. ნურავის ეგონება, რომ ფილოსოფია რაღაც საგანია, რაღაცის არსებობას აღნიშნავს, ან რაიმე სფეროს, ფილოსოფია სწორედ ქმედებაა, აქტივობაა, პროცესია ხანგრძლივი და დამატყვევებელი. მაშ რა არის ფილოსოფია?".